“მიჩმორებული” გრძნობები
მზით დამწვარი მთვარე,
ახალ გრძნობას მპირდება,
ეს ვერაგი ღამე!…
ჰო ღამეა, ერთი დღის დასასრული და მეორის დასაწყისი.
შუალობითი კავშირი წარსულსა და მომავალს შორის.
ღამე თავისუფალია, ღამე მიუწვდომელია, ღამე ჩემშია და მე ღამეში ვარ.
ღამეს არ ეშინია დღის, მაგრამ ხშირად მინახავს ჩემს სოფელში, ალიონზე როგორ დასცემია თავზარი მზის სხივებით დამფრთხალს, როგორ გაქცეულა უკან მოუხედავად, თუმცა სისიხლის აღების იმედითა და სურვილით!
აბა ღამე რის ღამეა თუ შურს არ იძიებს?!
სწორედ რომ ასეა, დასაბამიდან ებრძვიან ერთმანეთს დღე და ღამე, სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი, მაგრამ როგორც არც დღეს გაუმარჯვია ღამეზე და არც ღამეს დღეზე, ასეა დანარჩენ ორ შემთხვევაშიც.
კი სწორია, მართალი ხარ!
სადაც დღეა იქ ღამეც უეჭველი მოვა, სიკეთეს ბოროტება შეცვლის, სიყვარულს სიძულვილი და მაინც არცერთი იქნება მათ შორის გამარჯვებული!
სიყვარული თავის თავში მოიცავს უდიდეს სიძულვილს, ზიზღს, შიშს და ხშირად სასოწარკვეთასაც. ტყუილად არ უთქვამს შოთა რუსთაველს, “შიში შეიქმს სიყავრულსა”-ო… შიში დანარჩენი სამყაროსი და არა იმ სუბიექტის ვინც გიყვარს. სწორედ ამ სამყაროს შიში და სიძულვილი მამარაგებს სიყვარულის იმ უშრეტი ნაკადით, რომელიც მე გამაჩნია, რომელიც ყოველ წამს მოედინება ჩემი გულიდან გურგენიანის ჩანჩქერივით და ამა ქვეყნის ბოროტებას წალეკვას უქადის!
რთულია იმის გაცნობიერება და მითუმეტეს პასუხისმგებლობის აღება, რომ შენ ხარ საწყისი, შენ ხარ ენერგია, შენ ხარ სული და მისი მამოძრავებელი ძალა (ოღონდ არა “რომპეტროლის”), სწორედ შენ ხარ თვითმყოფადობა და გადარჩენა!
ამიტომაა, რომ არ მიკვირს შენი. ამიტომაა, რომ ლაპარაკს წერა ვარჩიე, შენ ხომ მაინც ვერაფერს გაიგებ! შენი თვალები და გონების თვალსაწიერი ვერ სწვდება ამ ყველაფერს რასაც მე ვამბობ.
შენ ხომ ყველაზე მარტივი არსება ხარ უმარტივესებს შორის და ყველაზე მეტ სირთულეებს ეძებ ურთულესობათა შორის!
ამ ყველაფრის შედეგია დაკომპლექსებული და “მიჩმორებული” გრძნობები.
სილაჩრის თათარაში ამოვლებული ჩურჩხელებივით, რომ თრთიან ხმელი ხის ჭიგოზე ჩამოკიდებულნი და ელოდებიან როდის ჩამოგლეჯს ვინმე ღვთისნიერის დაუნდობელი ხელი.
მე კი არ ვაპირებ შენს მოწყვეტას! მე თავისუფლება მხიბლავს შენში, შენი სიცელქე და ბავშური ღიმილი მართობს და რა უფლება მაქვს ჩემი უწმინდური ხელით შეგეხო, შეგარხიო და მერე მოწყვეტაც დაგიპირო!
არა, დამერწმუნე ასე უფრო ლამაზი ხარ, მინდორში მდგარი ერთი გვირილა მირჩევნია მთელი დედამიწის ყვავილებით შეკრულ თაიგულს და სწორედ ის გვირილა ხარ შენ, რომელიც მე გამოგარჩიე ამდენ არსებულ არარაობათა შორის!
შენ მართალი ხარ, სწორედ მე მოვდივარ ყოველ დილით, მე მომაქვს შენთვის პეშვით წყალი და დღითი-დღე ვასაზრდოებ შენს სილამაზეს, შენს მომხბიბვლელობას და შენს სიცელქეს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს შენში!
და მაშინ, როდესაც ლექსის ნიაღვარი მოვარდება ხოლმე, როდესაც ჩემი სულის სავსეა შენზე ფიქრებით და როდესაც ცაში მთვარეს მზეს ვეცილები, როდესაც ვეღარ მაშინებს ამ ქვეყნის ამაოება, მე შენთან მოვდივარ ხელებ აპყრობილი და თაყვანს გცემ როგორც ღმერთს, როგორც უზენაესს და სიყვარულის საწყისს, როგორც შემოქმედს!
მე შენ არ მოგწყვეტ და არც არავის მივცემ შენი მოწყვეტის უფლებას! ათას ლექსს დავწერ, ათიათას პოემას და მილიონობით სიტყვას შემოგწირავ ჩემი გულიდან და სიყვარულის უხილავ მცველებს გაგიჩენ, რომელნიც არავის მისცემენ შენი ხელყოფის უფლებას, რადგანაც ეს შენ ხარ თვით უკვდავება, სიყვარული და…
05.11.2010.













კარგია ესეც, მაგრამ კითხვისას რაღაც ზედმეტი ვიგრძენი თავი, თითქოს “მე რაღა შუაში ვარ?”
ზუსტად მსგავსი რამ მითხრა ერთმა მეგობარმაც
შუაში კი მხოლოდ მე და ის ვართ
dzalian magaria…geeeeg
:):)
gmadlooob