Skip to content

მომღერალი მდინარე

November 22, 2010

16 წლის ვიყავი, როცა პირველად ვნახე ახლოდან. მანამდე ხან ტელევიზორში ვხედავდი, ხან რომელიმე ჟურნალ-გაზეთში თუ მოვკრავდი თვალს.მასზე ხშირად ლაპარაკობდნენ სახლში, ქუჩაში, სკოლაში თუ ავტობუსში. მას ყველა იცნობდა, ყველა პატივს სცემდა და ამ პატივისცემაში ხშირად უზომო შიშიც კი იგრძნობოდა. არ მეგულებოდა ადამიანი, რომელსაც მასთან ერთი საღამოს გატარებაზე არ ეფიქრა. ყველა ოცნებობდა მის შეხებაზე.ამბობდნენ, რომ მისგან უზარმაზარი ძალა და ენერგია მოდიოდა. ის ანათებდა ათასობით სახლსა და ქუჩის ლამპიონს. ის ამუშავებდა გაცილებით ნაკლებს, მაგრამ საჭირო ფაბრიკა-ქარხანას. ხშირად მისი ძლიერება სიკვდილის მომტანიც იყო. თუ მას კარგად არ იცნობდი, მასთან არ უნდა გეთამაშა. ის თავაწყვეტილ და ხელაღებულ ცხოვრებას მისდევდა. 
რამდენს გადასდგომია ღამით წინ, რამდენისათვის დაუბრმავებია თვალები, რამდენისათვის ამოუვსია გაუმაძღარი სტომაქი და რამდენი გადაურჩენია ზამთრის ცივ და სუსხიან ღამეებში გაყინვას. ის იყო პატარა და ამავე დროს ყველაზე დიდი.ის იყო ყველაზე უწმინდური და ყველაზე წმინდა. ის იყო ისეთი, როგორიც მსურდა რომ ვყოფილიყავი. მისი თითოეული ნაბიჯი თუ მოქმედება ამოუცნობი იყო. მისი არც დედას ესმოდა და არც მამას, თუმცა მათით საზრდოობდა და თვითონაც უხვად ასაზრდოებდა სხვებს. მუდამ მრისხანესა და დაუდგრომელს, მუდამ დევნილსა და მდევარს, მუდამ სიცოცხლისა და სიკვდილის მსახურს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უწევდა სიმღერა და ეს იყო ყველაზე გულიანი და ომახიანი სიმღერა მათ შორის, რაც კი ოდესმე მომისმენია. არცერთი სიმღერა არ ჩამრჩენია გულში, როგორც მისი და არცერთ მომღერალს ისე არ ავუღელვებივარ ისე, როგორც ის მაღელვებდა.
შუა გაზაფხული იდგა. მე და ჩემი მეგობარი არმაზი მთის წვერიდან გავცქეროდით თვალწინ გადაშლილ სივრცეს. მწვანეში ჩაფლულ სვეტიცხოველს, ბებრის ციხის ნანგრევებსა და მათგან მოშორებით ამაყად მდგარ ჯვრის მონასტერს.
დაბლა კი არაგვი მტკვარს უერთდებოდა.

6 Comments leave one →
  1. November 22, 2010 14:47

    ასე ლამაზად არაგვი მგონი არავის არ დაუხასიათებია, მე არ წამიკითხია მსგავსად ლამაზად დახასიათებული.
    : )

  2. November 23, 2010 11:16

    ვახ, კაია მდინარეებზეც რომ წერ +1

  3. November 23, 2010 17:55

    არ ვიცი ხოლმე ესეთ დროს რა დავწერო. გაქო და გიტხრა რომ კარგად წერ? ამას ჩემს გარდა კიდევ ბევრი გეუბნება და თავადვეც იცი. მე რაღა გითხრა? უბრალოდ გაჩუმება ყველაზე კარგი გამოსავალია ხოლმე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.