Skip to content

ჩემი ჩეჩენი მეგობარი

November 24, 2010

შემოდგომა იდგა. სექტემბერი უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. გლეხები რთვლისთვის ემზადებოდნენ. ქვევრებსა და კასრებს რეცხდნენ, გოდრებს წნავდნენ, დასაკლავ ქათმებსა და გოჭებს არჩევდნენ. მზე კი შემოდგომურად ანათებდა. კავკასიონის მთებზე ნისლი ჩამოწოლილიყო და ქაფში ამოსვრილი ბავშვებივით იყურებოდნენ ამაყი მთის მწვერვალები.

მეორე დღეს თელავში უნდა წავსულიყავი. მამამ მთხოვა რთვლისთვის რაღაც წვრილმანები შემეძინა. მეც არ დამზარებია. დიდი ხნის უნახავი მყავდა თელავი. ერთ რამედ ღირს ზუზუმბოდან ალაზნისა ჭალებისა და გოლიათებივით ამოზრდილი კავკასიონის ყურება. წინ უზარმაზარი ვაკე, მერე კი მის წინ აღმართული მთები-კახეთის კავკასიონი. უკან ცივგომბორის მთა, უჯარმის ციხის ნანგრებევი, ვახტანგ გორგასლის საბრძანებელი.ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კი პატარა კახის, პატარა ციხე-დარბაზი. ერთხელ ერთმა ნაცნობმა მკითხა.

-ვეღარ გავიგე რომელია მეფე და რომელი თავდი. ალექსანდრე ჭავჭავაძეს წინანდალში მშვენიერი ორ სართულიანი სასახლე აქვს, გარშემო არაჩვეულებრივი ბაღით და ერეკლეს კი ერთიბეწო ციხე-დარბაზი.

მეც შეძლებისდაგვარად ავუხსენი ამის მიზეზი, ცოტა ჩემი აზრებიც დავამატე და კარგი პასუხით ნასიამოვნებმა მადლობაც გადამიხადა.

ციხე-რადბაზის მოპირდაპირე მხარეს რვაასი წლის ჭადარი დგას. ამბობენ, თამარ მეფემ დაარგვევინაო, მაგრამ ეს ალაბათ ლამაზი ლეგენდა უფროა ვიდრე რეალობა. ჭადარი იმდენად დიდია, რომ თხუთმეტამდე ზრდასრული ადამიანი თუ შემოაწვდენს ხელს. ადრე ალბათ მის ქვეშ სიცხით დაქანცული მგზავრები ისვენებდნენ, ახლა კია ახალგაზრდობამ სასიყვარულო ადგილად აქცია და ზოგი თავის ქალწულობას სწორედ ამ ბებერი ჭადრის ბებერ ფესვებზე ტოვებს.

მზე უკვე ჭადრის თავზე იქნებოდა ასული ავტოსადგურს რომ მივადექი. ფიქრებში გართულმა ისე გავიარე მოზრდილი მანძილი, რომ ვერც კი გავიგე ისე აღმოვჩნდი სადგურში. ხელში პატარა შავი ნაჭრის ჩანთა მეჭირა, რომელშიც მამის დანაბარები ნივთები მეწყო. მე იქვე მდებარე მაღაზიის ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი და ხალხის თვალიერება დავიწყე, რომ როგორმე დრო გამეყვანა სანამ ჩემი სოფლის ავტობუსი მოვიდოდა. ჩემს წინ მსუქანი ქალი ფერად-ფერად წვენებს ყიდდა და  ბავშვების ყურადღებას თავისი გულის გამაწვრილებელი ხმით იქცევდა.

-ცივი წვენი ათ თეთრად, აბა ვის გინდათ, მოდით, მოდით სანამ გათავდა…აქცენტზე შევატყე, რომ ქართველი არ უნდა ყოფილიყო, უფრო თათარს წააგავდა. ცოტა მოშორებით მოხუცი ბებო თავის პატარა შვილიშვილთან ერთად პონჩიკებს ჭამდა და თან პრეზიდენტ სააკაშვილს ლოცავდა. ალბათ პირველად აიღო გაზრდილი პენსია და კმაყოფილი იყო იმთ, რომ შვილიშვილს პონჩიკები უყიდა. კიდევ ბერი ხალხი ირეოდა გარშემო, მაგრამ ჩემი ყურადღება ერთმა ახლაგაზრდა, დაახლოებით ჩემმა ტოლმა ბიჭმა მიიქცია. რატომღაც მეუცხოვა, ოღონდ იმიტომ რომ თვითონ გრძნობდა თავს უცხო და თვალებს უხერხულად აცეცებდა აქეთ-იქით. შავი ფერის თხელი ქურთუკი, ცისფერი გახეხილი ჯინსი და სპორტული ფეხსაცმელები ეცვა. მთლიანობაში კარგად იყო ჩაცმული და მშვენივრადაც გამოიყურებოდა. ამასობაში ჩემი სოფლის ავტობუსიც მოვიდა. მეც სწარაფად წამოვხტი, რომ დასაჯდომი ადგილი შემხვედროდა, გამიმართლა და მძღოლის გვერდით მოვკალათდი. გვერდით კი რამაც ძალიან გამაკვირვა ის  ბიჭი მომიჯდა. ერთი კი ავხედე ცერად, მაგრამ წინ ლამაზმა გოგომ ჩაიარა და ყურადღებაც მაშინვე გოგოგზე გადავიტანე. ავტობუსის გასვლამდე კიდევ ათი წუთი იყო დარჩენილი და აღარ ვიცოდი რა მექნა. ხან ვფიქრობდი გამოველაპარაკები მეთქი, ხანაც ერთი მაგისიც, რა ჩემი საქმეა თქო.

მოკლედ ამ ფიქრებში ვიყავი გართული, რომ გვერდით მჯდომმა ჯიბიდან წითელი მარლბოროს კოლოფი ამოიღო, თავსახური ახადა და პირდაპირ სახესთან მომიტანა. მე გაოცებულმა შვხედე, ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა. ქუჩაში გამვლელისთვის, რომ მეთხოვა სიგარეტი და მას სავსე კოლოფი სდებოდა ჯიბეში, დარწმუნებული ვარ მაინც უარს მეტყოდა და ეს რამ გადარია მეთქი, ვფიქრობდი გულში.

-აიღე, არ ეწევი?!

-არა გმადლობ, ჩემი მაქვს და ჩემსას მოვწევ. ვუპასუხე ცოტა არ იყოს აფორიაქებულმა.

-რა გაქვია? მეკითხება და თან სიგარეტის კვამლს ფანჯარაში უშვებს.

-გიორგი. ვპასუხობ მოურიდებლად და არც საპასუხო კითხვას ვუსმევ. თუმცა ჩემი თანამგზავრი არ იბნევა და ხელს მიწვდის.

-ახმედი. მეუბნება თავის სახელს და ხელს მართმევს.

-ახმედი?!..

-ჰო ახმედი, ჩეჩენი ვარ. მეუბნება და თან თვალებში მიყურებს.

-ვაჰ, ძალიან კარგი. ცოტა ხალისი მომემატა ამის გაონებაზე. რუსეთ-ჩეჩნეთის ომი ფორმალურად ახალი დამთავრებულია, ისე კი კიდევ მიმდინარეობს საომარი შეტაკებები და ამ ახლგაზრდის ნახვა ძალიან გამიხარდა.ჯერ ერთი, რომ ჩეჩნებს დიდ პატვს ვცემ როგორც ერს და არა როგორც იმ დაქირავებულ ბოევიკებს, აფხაზეთში რომ გვებრძოდნენ. ამავე დროს რუსებისადმი საშინელ ზიზღს განვიცდიდი და ეს უფრო მიმძაფრებდა ჩეჩნებისადმი კეთილგანწყობას და პატივისცემას. ერთი უნდა გენახათ ჩემი სახე, როცა ახალ ამბებში ვისმენდი, რომ ჩეჩენმა მებრძოლებმა რუსების საოკუპაციო ბატალიონს ცეცხლი გაუხსნეს.

-მიდით, მიდით, დასცხეთ მაგათ დედაც! ეკრანს მიღმა ვამხნევებ ხოლმე ჩეჩენ მოჯაჰედებს და ტელევიზორს ბოლო ხმამდე ვუწევ, რომ კარგად გავიგო რუსული კალაშნიკოვების ხმა, ჩეჩნების ხელიდან რომ გლეჯენ დამპყრობელთა გულებს.

-მერე აქ რა გინდა შენ?! ვეკითხები ახმედს.

- მე აქ ვსწავლობ. არის პასუხი.

-სად აქ, თელავში?! კონკრეტული პასუხის მოლოდინში მის გარეგნობას ვათვალიერებ.

-არა, აქ არა. დედაჩემი ახმეტაში ცხოვრობს. მე თბილისში ვსწავლობ.

-მამა ან და-ძმა არ გყავს?

ამ კითხვაზე ახმედმა ცოტა არ იყოს მოიწყინა და მეც მაშინვე მივხვდი ამის მიზეზს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მან ჯიბიდან მობილირი ტელეფონი ამოიღო და ვიდეო ჩართა…

-ეს მამაჩემია…

პატარა ეკრანზე ადამიანის მსგავსი არსება მოჩანს, რომელსაც ოთხი რუსი ჯარისკაცი გამეტებით სცემს და ერთი პატარა ნაბიჭვარი ავტომატის კონდახსაც იშველიებს წაქცეულის საცემად. მე ვერაფერს ვამბობ, ნანახმა თავზარი დამცა.

-ჯერ სცემეს და მერე მოკლეს, თავი მოაჭრეს. მეუბენბა ახმედი გაყინული ხმით და კიდევ ერთ ღერს უკიდებს.

-სამწუხაროა, ვიზიარებ. მაგათ დედაც, ვაგინებ რუსებს. ვიცი პასუხი ძალიან ბანალურია, მაგრამ იმ დროს სხვა რამის თქმა ვერ შევძელი.

-ოჯახში ყველას თავისი დანიშნულება აქვს, მიხსნის ახმედი. დედა დიასახლისია, მამა მებრძოლი იყო, სამშობლოს თავისუფელაბს შესწირა თავი. ჩემი უფროსი ძმაც მებრძოლია, სულ რაღაც ოცდერთი წლისაა, მაგრამ უკვე თვრამეტი რუსი ჯარისკაცი ჰყავს მოკლული.

ახმედი კიდევ ერთ ვიდეოს რთავს და მობილურ ტელეფონს ხელში მაწვდის. მთის დაგრეხილ ბილიკზე კბილებამდე შეიარარებული მოჯაჰედების პატარა რაზმი მიდის და თან ჩეჩნურ სიმღერას მღერიან. მათი სევდა და ტკივილი იმდენად დიდი იყო, რომ ორ მეგეპიქსელიანი კამერით გადაღებულ ვიდეოში, მათი ჩაშავებული თვალები დავინახე.

-ვაა, მაგარია ძაან, მშურს შენი ძმის. მეც დიდი სიამოვნებით დავუხვრეტდი რუსებს თავებს…

თავს დაბლა ვხრი, მრცხვენია ახმედის.

-ჰო ალბათ. მპასუხობს და თან მძიმედ ოხრავს.

-შენ?! შენ რას აკეთებ, აქ რა დაგრჩენია?! ცოტა არ იყოს გაბრაზებული ვეკითხები თანამგზავრს. მინდა პასუხი რაღაც ისეთი იყოს, განსაკუთრებული. მინდა ახმედით ვიამაყო. მინდა მერე მეგობრებს მოვუყვე ამ გმირი ჩეჩენი ბიჭის შესახებ და თუ ღმერთმა ნიჭიც მომცა იქნებ პატარა მოთხრობაც დავწერო. იქნებ სწორედ ჩვენი მეგობრობა გახდეს ჩეჩენისა და ქრთველის მეგობრობის საწყისი. იქნებ ჩვენმა მეგობრობამ მიგვახვედროს და გაგვაერთიანოს. ერთიანი ძალებით შევებრძოლოთ რუს დამპყრობლებს და მოვსპოთ მათი ბინძური ჩექმების თარეში ჩვენს წმინდა მიწაზე. იქნებ ამ მეგობრობამ ჩაუყაროს საფუძველი ერთიანი და თავისუფალი კავკასიის ლამაზ იდეას. რა ევროპა, რის ევროპა ან რა ემრიკა. ჩვენ კავკასიელები ვართ,ჩვენ ცალკე გენი ვართ. ჩვენი ენერგიით საზრდოობს ბებერი დედამიწა და ჩვენც თანდათან ძალა გველევა. დავივიწოთ ევროპაც, ამერიკაც, ისინი ჩვენს გამო თავს არ შეიწუხებენ და რუსეთს ომს არ გამოუცხადებენ. მათთან მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა გვქონდეს და სხვა არაფერი. გამოფხიზლდით ხალხნო, გამოფხიზლდით!

ტრიბუნასთად მდგარი და ოცნებებში ჩაძირული ვმოძღვრავ კავაკასიურ ერებს და გაერთიანებისაკენ მოვუწოდებ.

კმარა დანაწევრება, კმარა ქიშპობა, კმარა ერთმანეთის მტრობა! ახლა ერთიანობის დროა! ერთად უნდა დავდგეთ, ერთად უნდა ავაბრიალოთ ბრძოლის ცეცხლი და რუსეთს გაჩენის დღე უნდა ვაწყევლინოთ! შური უნდა ვიძიოთ ჩვენი სიწმინდეებისათვის, ჩვენი მიწისთვის, ჩვენი წინაპრებისთვის, რომლებიც მათთან ბრძოლას შეეწირნენ. შური უნდა ვიძიოთ ჩვენი შვილებისათვის, რომლებიც აკვნებში ჩაგვიხოცეს და შური უნდა ვიძიოთ მათთვის ვინც დაბადებასაც ვერ მოესწრნენ. შური უნდა ვიძიოთ ჩვენი ორსული ცოლებისათვის, რუსი ნაძირლები რომ აუპატიურებდნენ და მერე თავებს ჭრიდნენ. შური უნდა ვიძიოთ ჩვენი შავოსანი დედებისათვის, რომელთაც სასაფლაო საცხოვრებლად გადაექცათ და  შური უნდა ვიძიოთ ჩვენი მომავალი თაობისათვის, რომელიც ჯერ არ დაბადებულა, მაგრამ მჯერა რომ დაიბადება და თავისუფალ, ერთიანი კავკასიის საამაყო  შვილები იქნებიან!

ხალხი ტაშს მიკრავს…

ავტობუსი მოსახვევში მკვეთრად ამუხრუჭებს და მეც არსებულ რეალაობას ვუბრუნდები.

-მე ვსაწვლობ, კომპიუტერს ვსწავლობ, აქ თბილისში. ამბობს ახმედი

-აჰა, კარგია. ფიქრებით გაბრუებულმა მეტი ვეღარაფრის თქმა მოვახერხე.

-იცი, მე საქართველო ძალიან მიყვარს. ძალიან კეთილი და სტუმართ მოყვარე ხალხი ხართ. აქ ისე ვარ, როგორც საკუთარ სახლში. ყველაფერი ნაცნობი და მშობლიურია. აქ ყველაფერს გმირობისა და სიყვარულის სურნელი ასდის. აქ ყველაფერი წმინდაა, ქართველი ვაჟკაცების სისხლით მორწყული. მე აქამდეც გამეგო თქვენზე, მაგრამ მართალი არ ვიქნები თუ გეტყვი, რომ მაშინაც ასე ძლიერ მიყვარდა საქართველო. რუსები ბევრ ცუდს ლაპარაკობენ თქვენზე. თითქოს ჩვენი მტრები ხართ და ჩვენი განადგურება გინდათ. ძნელია არ დაიჯერო, როცა გარშემო მხოლოდ ამას ისმენ. იქ ბევრს სჯერა ამის. მეც მჯეროდა, მაგრამ ახლა სხვანაირად ვფიქრობ, რადგან საკუთარი თვალით ვნახე ყველაფერი. სწავლას, რომ დავამთავრებ აუცილებლად დავბრუნდები სამშობლოში და ჩემს ხალხს ბევრს მოვუყვები თქვენზე, თქვენს სამშობლოზე, თქვენს სიმამაცეზე და ვაჟკაცობაზე, თქვენს სიყვარულზე. შენზეც მოვუყვები, აუცილებლად მოვუყვები. იქნებ ოდესმე კიდევ შევხვდეთ ერთმანეთს ერთიან და თავისუფალ კავკასიაში. იქნებ გვერდიგვერდაც მოგვიწიოს ბრძოლა და რომელიმეს მეორის დამარხვის პატივიც კი გვერგოს. ეჰ, ძნელია თავისუფლება და მითუმეტეს მასე ოცნება!

ერთიანობა, თავისუფლება, კავკასია… თავში მხოლოდ ეს სიტყვები მიტრიალებდა.

გულის ჯიბიდან წმინდა გიორგის ხატი ამოვიღე, ახმედს გავუწოდე და მანაც ზუსტად ისეთივე დაბნეულმა შემომხედა, როგორც მე შევხედე სიგარეტს რომ მთავაზობდა.

-აიღე, გამომართვი. ეს ჩემი მფარველი ანგელოზია. უდიდესი მხედართმთავარი, რომელიც ქრისტიანობისათვის ეწამა. ვიცი შენ მუჰამედი გწამს, მე კი ქრისტე, მაგრამ ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ორივეს გვწამს და სწორედ რწმენის ძალაა ბრძოლისა და თავდადებისკენ რომ მოგვიწოდებს. გამომართვი, ჩვენი მეგობრობის ნიშნად. იმ მეგობრობის, რომელიც ავტობუსში დაიწყო და ალბათ აქვე დამთავრდება. შენ კი ეგ სიგარეტის კოლოფი მომეცია, სამახსოვროდ მექნება შენგან. ახმედი წმინდა გიორგის პატარა ხატს მართმევს და სანაცვლოდ წითელი მარლბოროს კოლოფს  მაწვდის.

შემოდგომაა…

-აქ გააჩერეთ. ეუბნება მძღოლს და ავტობუსიც ნელა ჩერდება.

-მე აქ ჩავალ. სტადიონისკენ მანიშნებს ახმედი და მძღოლს ერთ ლარს უწვდის.

-შენი გადახდილია გიორგი. ალაჰი გფარავდეს!

-ღმერთი იყოს შენი შემწე! ვპასუხობ გულაჩუყებული.

ამ ქართულმა ჩვევამ კიდევ უფრო დამიწვა გული და მიმახვედრა, რომ არც ისე უცხონი ვართ ერთმანეთისთვის, რომ ჩვენი გაერთიანება შეიძლება, სხვა თუ არაფერი თავისუფლებისთვის მაინც.

მას შემდეგ მე წითელ მარლბოროს ვეწევი და ყოველ დღე ველოდები ქუჩაში ჩემს ჩეჩენ მეგობარს.

ორი წლის მერე კვირის პალიტრის პირველ გვერდზე დიდი ასოებით დაბეჭდილმა სათაურამა ჩემი ყურადღება მიიპყრო. “23 ნოემბერს მოსკოვში, რუსმა სკინჰედებმა ახლაგაზრდა ჩეჩენი სტუდენტი მოკლეს”. სათაურის დაბლა, ფოტოზე, სასტიკად ნაწამები გვამი მოჩანდა, რომელსაც მკერდზე ჩემი ნაჩუქარი წმინდა გიორგის ხატი ესვენა.

იმ ღამეს კავკასიონი წითლად აელვარდა.

 

9 Comments leave one →
  1. November 24, 2010 14:52

    საინტერესო საუბარია, მით უმეტეს რომ ვიცი ნამდვილი ამბავია (ნაწილობრივ მემგონი).
    მართლაც, მხოლოდ ერთად გადავრჩებით, მხოლოდ კავკასიური ხალხი!

  2. November 24, 2010 14:58

    მართლა ძალიან ვგავართ ერთმანეთს ვაინახები და ქართველები, ერთი რჯული გვაქვს სხვადასხვა.

    მიჲარშ ნოხჩი ჩჲო!

  3. November 29, 2010 17:18

    არვიცი რა მოხდა, მთელს ტანში უცნაურმა რაღაცამ დამიარა.
    ეს მართალი ამბავია? :(

  4. elene kiknadze permalink
    December 3, 2010 12:35

    gega nichieri. amis damweri…ver “qachavs”…
    P.S. ecade esteti iyo… mware realobis mowodebac sheidzleba estetiurad :)

  5. Nino O. permalink
    December 23, 2010 16:48

    mshvenieri motxrobaa!

    tanshi rom jruanteli dagivlis…

    ex….. gmertma momaswros da mogvaswros mshvidobian kavkasias!

    • December 26, 2010 09:49

      თუ ერთად დავდგებით ყველაფერი კარგად იქნება და მაგასაც მოესწრები! :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.