ვერცხლის საკინძე
ვთვრები ყოველთვის როგორღაც მარტო,
როგორღაც ისე ვით კოჭლი მგელი,
ვერ ვგრძნობ ვერაფერს და მერე ვდარდობ,
რატომ ვიყავი ურცხვი და დენდი.
დღესაც დავთვერი, უგონოდ ვეგდე
და სიმთვრალისას მომნატრდა გვემა.
გვემა სხეულის, ტირილი სულის
და მერე კლდიდან ფოთლებად ცვენა.
დღეს ვარ გახსნილი, ლამაზი ქალის
ვნება აშლილი ვერცხლის საკინძე,
დღეს ვარ მხდალი და უფრო ძლიერი
და ვიწვი, როგორც თეთრი საკირე.
აი ხომ ხედავ ისევ სიტყვებს ვწნავ,
როგორც ბებია პაპისთვის წაღებს,
მერე ვიბნევი როგორც მებაღე,
რომელიც ბაღში ყვავილებს აბნევს.
დღეს ვარ უკვდავი ხომ ხედავ კარგო,
უკვე რამდენი ცრემლი დავღვარე,
ვეღარ დავინდობ ამ დამპალ ნიავს,
ზამთრის ღამეში შენ რომ გაწვალებს.
შენს გულში გავხსნი მუდმივ ანაბარს,
აი ხომ ხედავ ღვინოც მოქმედებს,
ძლიერ მთვრალი ვარ და ვეღარ ვხვდები,
რომ ირგვლივ თითქმის ყველას მოვედე.
ახლა წავედი და გტოვებ მარტოს,
გთხოვ გამიფრთხილდი თუ ვერ გაგიგე,
ასე თავხედად რომ გიძღვნი ხოლმე
და შემოგიხსნი ვერცხლის საკინძეს!












“გვემა სხეულის, ტირილი სულის
და მერე კლდიდან ფოთლებად ცვენა.”
“დღეს ვარ გახსნილი, ლამაზი ქალის
ვნება აშლილი ვერცხლის საკინძე”
რითმა აქ თითქოს ყველაზე დახვეწილი და ჟღერადია:)