საპატიმროში
ციხის ძველ კედლებს ასდიოდა სიძველის სუნი და მომაკვდავი მზის სხივები მტვერში გორავდნენ. ციოდა თითქოს… მოხუცი პავლე, საცოდავად მოყუჟული საკნის კუთხეში, ხმელ პურს ცივ ხელებს შიმშილისგან ყელში უჭერდა და გაუგებრად ბუტბუტებდა რაღაცას ჩუმად. ჩვენ არ გვესმოდა. ჩვენ თერთმეტნი სხვაგან ვიყავით, თუმცა საკანი დამერწმუნეთ იყო პატარა.
და იმ ადგილზე სადაც მზის სხივნი ნესტიან აგურს წვინტლებივით ეწებებოდნენ ვიდექით თითოდ, რიგ–რიგობით და თავდახრილნი ვეფიცხებოდით ღმერთისგან მივიწყებული პატიმრები მომკვდავ სხივებს. და ახლაც ერთი, თითო კაცი იდგა იმ ადგილს. ბედნიერებით შემცბარი და ნაშიმშილარი უშნოდ ცმუკავდა. პირი დაეღო ნადირივით და ჩაყვითლებულ–ჩაჟანგებულ მტკივან კბილებით მზის სხივებს ჭამდა.
მე შორიახლოს ვიჯექი და ვიფხანდი ფეხებს. ქეციან ფეხებს გამეგო,რომ ფხანა შველოდა. გული არ მქონდა. ჩამომართვა ციხის უფროსმა. ტყავის ფეხსაცმელს სიძველისგან დაეღო პირი და მის სიღმრეში შავ ტარაკანებს ჩუმად ეძინათ. თქვენ არ გინახავთ მათი ძილი?! ალბათ არ გქონდათ იმდენი დრო მათზე გეფიქრათ. უნდა გენახათ როგორ თვლემდნენ ფეხსაცმლის ძირზე. საოცრად ჩუმად, არ სცოდნიათ ჩვენსავით ხვრინვა და არც უეცარ შეკივლებით _ „ვაიმე დედა“! _ ძილს არ გვიფრთხობდნენ.











